ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ნებისმიერი თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე და მითუმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის სტატუსია - მინისტრი არცერთ საწარმოში წილს არ უნდა ფლობდეს.
გაბუნიას განმარტებით, ამას საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი არეგულირებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კახი კალაძის „კალა კაპიტალი“ სს „საქჰიდროენერგომშენის“ აქციების 45%-ის მფლობელია ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს.
„ბუნებრივია, მას შეუძლია ან გაასხვისოს ან წილი სხვას მართვის უფლებით გადასცეს. ჩემი აზრით, მართებული იქნება რაკი ეს ენერგეტიკის სფეროში არსებული საწარმოა და როგორც ვიცი, საკმაოდ, მსხვილი საწარმოა, ეს წილი გაესხვისებინა, რომ შემდგომში, ხვალ და ზეგ, ბევრი კითხვები არ იყოს. დღეის მდგომარეობით გპასუხობთ, რომ ინტერესთა კონფლიქტია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანამ ეს ადამიანი ოფიციალურად შეუდგებოდეს უფლებამოსილებას, ამ წილის ტრანზაქცია არ მოხდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, კახი კალაძის კომპანია „კალა კაპიტალი“ „საქჰიდროენერგომშენის“ აქციების 45%-ის მფლობელია.
კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატია, რაც ინტერესთა კონფლიქტს წარმოქმნის იმ შემთხვევაში თუ ის მინისტრად დაინიშნება.
აღნიშნულზე კომენტარი, უკვე ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემაც გააკეთა.
კალაძე აცხადებს, რომ „კალა კაპიტალი“ სს „საჰიქდრომშენში“ კუთვნილ აქციებს გაასხვისებს.