ვასილ ჭყოიძე: პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებში ორივე მხარის მიერ პროცედურების დემოკრატიულ ფარგლებში მოქცევის მცდელობა მჟღავნდებოდა

ვასილ ჭყოიძე: პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებში ორივე მხარის მიერ პროცედურების დემოკრატიულ ფარგლებში მოქცევის მცდელობა მჟღავნდებოდა

ექსპერტ, ვასილ ჭყოიძის შეფასებით,  ქუთაისში პარლამენტის მერვე მოწვევის პირველი სხდომა კონსტრუქციულად ჩატარდა და აღნიშნა, რომ ეს მოსალოდნელიც იყო.

როგორც ჭყოიძემ From.ge-ს განუცხადა, ის საკითხები, რომლებზეც მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის შიგნით ახალი ბალანსის შექმნის თაობაზე, მთავრობასთან მიმართებაში არსებულ საკითხებზე და სხვა მნიშვნელოვან თემატიკაზე, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა.

მისივე განმარტებით, პარლამენტში გუშინ გაკეთებულ განცხადებებში ორივე მხარის მიერ პროცედურების დემოკრატიული და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევის მცდელობა მჟღავნდებოდა და ვლინდებოდა.

„ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მეორეთი ჩანაცვლება არჩევნების გზით პირველად მოხდა მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც ძალიან  მნიშვნელოვანია. რადგანაც ქვეყანაში შეიქმნა ასეთი პრეცედენტი, ორივე მხარე უნდა გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს და მომავალში პაექრობაც ამ პრინციპით უნდა გაგრძელდეს. ანუ საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ხელისუფლება იცვლება არა რევოლუციებით, შენობებში შეჭრით და დარბევით, არამედ საარჩევნო ბიულეტენებით“, - განაცხადა ჭყოიძემ და აღნიშნა, რომ სხვანაირად საქართველო ცივილიზებურ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება

ექსპერტის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ პარლამენტში ძალთა ბალანსი გაცილებით მაღალია ვიდრე წინა პარლამენტებში, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით უმრავლესობას უმცირესობასთან ხშირი კონსულტაციები და რაღაც კომპრომისების გამოძებნა მოუწევს. რაც შეეხება „შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხებს“, ჭყოიძის აცხადებს, რომ უმრავლესობას ჰყოფნის ხმების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა რიგითი საკითხების გადაჭრისთვის.

„ამიტომ თუ წამოიჭრა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილება, ან რაიმე პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი, ამ შემთხვევაში კონსულტაციის და კომპრომისის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება. ეს კი სტიმულს აძლევს მხარეებს, რომ უფრო კონსტრუქციულად იყვნენ განწყობილნი ერთმანეთის მიმართ და არ გააღრმავონ დაპირისპირება, რადგანაც ამან შესაძლებელია ჩიხში შეიყვანოს მთელი პარლამენტი“, - აღნიშნა ჭყოიძემ.

რაც შეეხება, პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „გუშინდელი ოპოზიცია, მთავრობაში ხართ და შესაძლოა, დღევანდელი ოპოზიცია ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს“,  ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნორმალური მოვლენაა, თუმცა აცხადებს, რომ ამ გადასახედიდან იმის პროგნოზირება და წინასწარმეტყველება, თუ ვის რა შანსები აქვს სამომავლოდ ცოტა ადრეა და შესაბამისად რთულიც.

„ჩვენ გველოდება საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები, ასე რომ აქაც სერიოზული ბრძოლის მოწმეები გავხდეთ. ამიტომ ამ გადასახედიდან რთულია რაიმე პროგნოზი გააკეთო სამომავლოდ“, - განაცხადა მან.