პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია. უმრავლესობას ოთხის ნაცვლად, სამი ვიცე-სპიკერი ეყოლება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე გახდა. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე კობახიძის კანდიდატურას მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ვიცე-სპიკერები გახდნენ ასევე ზურაბ აბაშიძე და ზვიად ძიძიგური. ძიძიგურის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა 92-მა დეპუტატმა, არც ერთის წინააღმდეგ. ზურაბ აბაშიძეს კი მხარი დაუჭირა 90-მა დეპუტატმა, არც ერთის წინააღმდეგ.
უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერად წარადგინეს ზურაბ ტყემალაძეც, რომელმაც 150-კაციან პარლამენტში ამდენი ვიცე-სპიკერი ზედმეტად მიიჩნია და თანამდებობაზე უარი განაცხადა.
"დიდი მადლობა წარდგინებისა და შეთავაზებისთვის, მაგრამ სწორად არ მიმაჩნია 150-კაციან პარლამენტში ამდენი ვიცე-სპიკერის არსებობა. მე უარს ვაცხადებ შეთავაზებაზე, რითაც წლიურად 150 ათასი ლარი დაიზოგება. სხვა მხრივ, მზად ვარ ნებისმიერი დავალება შევასრულო", - აღნიშნა ტყემალაძემ.
ტყემალაძის ამ განცხადების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მესამე ვიცე-სპიკერის კანდიდატურა ჯერჯერობით ვაკანტური რჩება და რეგლამენტში სათანადო ცვლილება შევა.
რაც შეეხება უმცირესობას, უმცირესობიდან ვიცე-სპიკერად გიორგი ბარამიძე აირჩიეს. მას მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27-ის წინააღმდეგ.