საპარლამენტო უმცირესობა ახალ მინისტრთა კაბინეტს მოუსმენს, მაგრამ მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობას უმრავლესობა დაამტკიცებს და სწორედ ის აიღებს პასუხისმგებლობას მის საქმიანობაზე.
"მთავრობას უმრავლესობა დაამტკიცებს და სწორედ ის აიღებს პასუხისმგებლობას მის საქმიანობაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მინისტრობის კანდიდატებს არ მოვუსმენთ.
გაბაშვილის განცხადებით, მათ სინდისზე იქნება, მხარი დაუჭირონ იმას, რაც ქვეყნისთვის კარგი და მისასალმებელია და შეეწინააღმდეგონ მხოლოდ იმას, რაც საქართველოს ინტერესებს, პრიორიტეტებს, ტერიტორიის მთლიანობას და დემოკრატიას დააზარალებს.
"ჩვენ ასეთი პრინციპი გვაქვს - იმას, რაც არის ქვეყნისთვის კარგი, მხარი დავუჭიროთ და რაც ჩვენი აზრით დააზარალებს ამ ქვეყნის ინტერესებს, პრიორიტეტებს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას - მას წინააღმდეგობა გავუწიოთ. აქედან გამომდინარე, ახალ მთავრობასა და უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კრიტიკულები ვიქნებით ჩვენ", - განაცხადა გაბაშვილმა.
გაბაშვილის განცხადებით,ჯერჯერობით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მათი პოზიციები ურთიერთგამომრიცხავია. "ჩვენ არ გვექნება პრინციპი, რადგან მთავრობა ერთს ამბობს, ჩვენ სხვა ვთქვათ. ჩვენ მოვიქცევით იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგი და სასარგებლო იქნება "ქართული ოცნების" პოზიცია ქვეყნისთვის", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.