"ვფიქრობ, აუცილებელია შრომის კოდექსში კორექციები და ცვლილებები განხორციელდეს", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს For.ge -ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესი ორი მიმართულებით განხორციელდება - დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის ურთიერთობის დარეგულირებიათ და შრომის უსაფრთხოების ნორმების გადახედვით.
მისი თქმით, დამქირავებლის და დაქირავებულის ურთიერთობებში დომინანტი გამოდის დამქირავებელი. ამის გამო, სერგეენკოს განმარტებით, როდესაც ინვესტორი შემოდის, ის კითხულობს შრომის კოდექსს და არ სჭირდება ისეთი შრომის კოდექსი, რომელიც მას ზედმეტ ვალდებულებებს მიანიჭებს.
"შემდეგ მისთვის არც ისე რთულია ისეთ თანამშრომელთან გამოთხოვება, რომელიც დაკისრებულ სამუშაოს არ ასრულებს. ასეთ ვითარებაში დაქირავებული პრაქტიკულად უუფლებოა. ეს იქნება ერთი კუთხე რომელზეც კორეგირება მოხდება. ამას გააკეთებენ სპეციალისტები და ეს ძალიან საპასუხისმგებლო თემაა", - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება შრომის კოდექსს, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მოხდება შრომის უსაფრთხოების ნორმების არა გამკაცრება, არამედ იმ რეალურ დონემდე დაყვანა, რომელიც საჭიროა იმისთვის რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.