უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების მხრიდან მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ გაკეთებულ განცხადებებში მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა იგრძნობა.
ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დაუშვებელია. მისი განმარტებით, მოსამართლეები არიან ხელშეუხებლები, გარანტირებულები იმით, რომ სტაბილურად იმუშავებენ კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე.
„მე ყველას მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩება და არავითარ წარმატებას არ მოუტანს. სასამართლო არის ძალიან ძლიერი, ობიექტური და ამას პირველ რიგში არა მე, არამედ მოსახლეობის გამოკითხვა ადასტურებს, რომელიც ნეიტრალურმა დამკვირვებელმა, ევროპის საბჭომ ჩაატარა და მივიღეთ შედეგი, რომ 85% საქართველოს მოსახლეობისა უცხადებს ნდობას სასამართლოს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არასწორი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 4%-ს შეადგენს. მისი განცხადებით, რეალურად ეს 9%-ს უტოლდება.
„ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას, რაც დაუსაბუთებლად ვრცელდება. ჩვენ გვაქვს ყველა ინფორმაცია და ყველა მონაცემი სასამართლო სისტემის შესახებ. თავდასხმებს სასამართლო უპასუხებს იმით, რომ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.