პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი პირობას დებს, რომ ტექნიკური პრობლემების მიუხედავად, პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაპირებული რეფორმების განხორციელება ქვეყანაში მალე დაიწყება.
მისი განმარტებით, პარლამენტის ახალ შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და ტექნიკური პრობლემები მოსახლეობისთვის მიცემული დანაპირების შესრულებაში ხელს ვერ შეგვიშლის და აღნიშნა, რომ კვირას პარლამენტის პირველი სხდომა აუცილებლად ჩატარდება.
„კვირას აუცილებლად ჩატარდება სხდომა მიუხედავად იმისა, რომ იქ რთული პირობებია. ამ სირთულეებს პარლამენტის აპარატთან ერთად ვართმევთ თავს. აპარატის თანამშრომლები რთულ პირობებში მუშაობენ, თუმცა თავიანთ საქმეს მაინც აკეთებენ. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით, რომ პარლამენტი, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, დროულად შეიკრიბოს და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს. საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და ტექნიკური პრობლემები, რომელიც იქ არსებობს, რეფორმების და დანაპირების განხორციელებაში ხელს ვერ შეგვიშლის", - აღნიშნა უსუფაშვილმა.