თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალი წელი ნატო-სთან დაახლოების კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში გადამწყვეტი წელი იქნება.
„ჯეიმს აპატურაისთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, ასევე, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ რეფორმებს, რაც თავდაცვის უწყებაში უნდა იქნას გატარებული, რომ მივაღწიოთ ტრანსფარანტულობას სისტემაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი შეფასებები აქვს როგორც ყოველთვის ჩვენს წარმომადგენლობას ავღანეთში, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან, მე მიმაჩნია, რომ მომავალი წელი იქნება გადამწყვეტი ნატო-სთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში და ამას, რა თქმა უნდა, არჩევნებმა დიდწილად შეუწყო ხელი“, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებასა და ნატო-ს კიდევ უფრო დაახლოების პროცესს.
ალასანია აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ძალიან ბევრი მექანიზმია, რომელიც არ არის ათვისებული და რომელსაც თავდაცვის სამინისტრო მომავალში აითვისებს.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გარდაცვლილი კაპრალის მინდია აბაშიძის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„2014 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ქართველების მონაწილეობის საკითხი არის ის თემა, რომელიც მომავალში აქტიურად იქნება განხილული“, - აღნიშნა ალასანიამ.