ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ალექსი პეტრიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღძვანელობა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მაღალ შეფასებებს აძლევს, თუმცა, მისივე თქმით, არასერიოზული იქნება საუბარი იმაზე, თუ რაში აისახება კონკრეტულად ესა თუ ის შეფასება.
მისი თქმით, დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის მხრიდან წინასწარი მოლოდინების შექმნა ისევ შეინიშნება.
„არავითარ შემთხვევაში არ მინდა მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინები შეექმნას. ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისკენ, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინტეგრაცია მოხდეს და არა გადაჭარბებული მოლოდინების ხელახლა შექმნა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, ამის გაკეთებას არც ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს ურჩევს.
„საუბარი იმაზე, რომ იქნება MAP-ი თუ რამე სხვა, რა თქმა უნდა, ნაადრევია და არც სააკაშვილს მოვუწოდებ იმის გაკეთებას, რომ მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინები შეუქმნან, ისევე, როგორც ევროკავშირის მიმართულებით ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომლითაც ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ხორციელდებოდა, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.