ეკა ბესელია: უკანონოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია გადასინჯავს

ეკა ბესელია: უკანონოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია გადასინჯავს

 "უკანონოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ტვირთი პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას დაეკისრება“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი განმარტებით, კომისიის მიერ განსახილველი თემები მომდევნო კვირაში, პარლამენტის პირველი სხდომის პროცედურის გავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

უშუალოდ გადაწყვეტილებების გადასინჯვა კი მისი თქმით, უმძიმესი სამუშაო იქნება.

„წარმომიდგენია, რამდენად რთული დატვირთვა ექნება პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სასამართლოს. ეს ტვირთი იმ საგამოძიებო კომისიის მხრებზე გადანაწილდება, რომლის შექმნასაც პარლამენტში ვაპირებთ“ - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, კომისიას ფართო დატვირთვა ექნება და საარჩევნო პროცესში არსებულ გაყალბებებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებთან ერთად, ადმინისტრაციულ ან სხვა ტიპის საქმეებზე იმუშავებს.

„კომისიის ფუნქცია დუბლირებული არ იქნება და არ გააკეთებს იმას, რაც პროკურატურამ, პოლიციამ ან სასამართლომ უნდა გააკეთოს, მაგრამ მას იმ ტიპის ფუნქცია ექნება, რასაც სხვა ვერცერთი უწყება ვერ აიღებს. ალბათ გესმით, რამდენად ბევრი საჩივარი შევა კომისიაში“ - განაცხადა ბესელიამ.