„საჭიროა ყველა ბურუსით მოცული საქმის გამოძიება, მათ შორის ციხეში გარდაცვლილი პატიმრების საქმეებისაც“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" წევრმა ეკა ბესელიამ დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბშ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც ბესელია აცხადებს, პატიმრების წამებაში დამნაშავე ყველა პირი უნდა გამოვლინდეს.
„გამოსაძიებელია გირგველიანის საქმე, სადაც ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ დასაბუთებული და უტყუარი ფაქტებით, თუ ვინ იყო შემკვეთი, ორგანიზატორი ამ დანაშაულის, ისევე როგორც ვაზაგაშვილის საქმეზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, რობაქიძე... ძალიან მნიშვნელოვანია ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის საქმეები", - ამბობს ეკა ბესელია.
გარდა ამისა, ბესელია მიიჩნევს, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს 2007 წლიდან საპროტესტო აქციების დარბევის ორგანიზატორებისა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას.
მისი განმარტებით, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისის აქციის დარბევის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
„საგამოძიებო კომისიამ ალბათ უნდა აიღოს ეს ტვირთი საკუთარ თავზე, ისევე, როგორც 7 ნოემბერი, რომელიც არ გამოძიებულა, 15 ივნისი, როცა ჟურნალისტები სცემეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.