პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან მოახერხა ჯეიმს აპატურაის დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერს გააკეთებენ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად, რაც მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა.
ამის შესახებ ივანიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ის საინტერესო გამოცდა, რომელსაც არჩევნები ერქვა და რომლითაც განისაზღვრებოდა ქვეყნის პერსპექტივა, საქართველომ ჩააბარა.
„მე შევახსენე აპატურაის, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ. ახლა მათ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს ნატოში რეალური გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხერხდეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეები ვართ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - დასძინა ივანიშვილმა.