მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა პატიმართა წამების კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო გრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მედია-კავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარულად გადაღებული ვიდეომასალის ერთ-ერთი ავტორი დათა აკობია და გიორგი ლომია, იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარულად გადაღებული ვიდეომასალის ერთ-ერთმა ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ თავის მეგობრად დაასახელა.
ინაშვილის განცხადებით, ეს ჟურნალისტური გამოძიება იყო და აღნიშნა, რომ ამ კადრებმა სააკაშვილის რეჟიმის გატეხვასა და დამარცხებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
"ეს ძალიან რთული ჟურნალისტური გამოძიება იყო. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ეს ყველაზე სერიოზული გამოძიება იყო.
ჩვენთან სამი ტიპის მასალა მოვიდა: ვლადიმერ ბედუკაძის, დათა აკობიას მიერ გადაღებული კადრები და ჩვენი წყაროები გვყავდა შსს-ში . ესაა პატრიოტი ხალხი, რომლებიც მართალია, რეჟიმის პირობებში მუშაობდნენ, მაგრამ იყვნენ არა რეჟიმის მონები და მსახურები არამედ, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგული ადამიანები. ამ პროექტში სწორედ, ამ წყაროებმა ძალიან ბევრ ეტაპზე დახმარება გაგვიწიეს", - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, ამ ურთულესი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, მისმა ყველა მონაწილემ მაქსიმალურად დაიცვა საიდუმლოება , რომლის დაცვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა კადრების არსებობის შესახებ, ინფორმაცია არ გამსკდარიყო, ვიდრე ეს კადრები ევროსტრუქტურებამდე მიაღწევდა, გაივლიდა ექსპერტიზას და დაცული იქნებოდა.
რაც შეეხება ბედუკაძის თემას, ინაშვილის თქმით, ბედუკაძის მიერ, გადაცემული კადრები ამ გამოძიების მხოლოდ ერთი ფრაგმენტია.
"ვლადიმერ ბედუკაძისთვის ვანო მერაბიშვილის აგენტი არასდროს მიწოდებია. მის დამსახურებას ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში არანაირად არ ვაკნინებ. ყოველთვის ვუსვამდი ხაზს, რომ ბატონი ბედუკაძე დღეს, საეჭვო ადამიანების გარემოცვაში იმყოფება. ბედუკაძეს საფრთხე ემუქრება, იმიტომ, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მის გარშემო თავი მოიყარეს, ჩემი ინფორმაციით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის სტრუქტურებთან არიან დაკავშირებულნი. დღეს, ბედუკაძის და სხვათა განცხადებები , რომლებიც ობიექტივის ჟურნალისტებს ტყუილითა და ცილისწამებით გვავსებენ, გამიზნულია იმისკენ , რომ ბელგიაში სასამართლოდან უმნიშვნელოვანესი სარჩელის გამოტანა მოხდეს", - განაცხადა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ ბელგიის პროკურატურამ ადვოკატ ამრაანის სარჩელი მიიღო, რომელიც პატიმრების წამებაში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დასჯას გულისხმობს.
"ამ სარჩელში ამრაანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამნაშავე პირებს შორის, ის მიხეილ სააკაშვილს და ბაჩო ახალაიას მოიაზრებს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უკვე ძველი ხელისუფლებისთვის ბელგიის სარჩელიდან ბედუკაძის, როგორც მოწმის ჩახსნა მოხდეს.
მთელი ეს კამპანია, რაც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული, ერთი, ის რომ ჩვენი დისკრედიტაციის მიზნითაა გამოწვეული და მეორე, სააკაშვილის ამოცანაა გადარჩეს და პასუხი არ აგოს", - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილი მასალის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა ჟურნალისტის ხელში ასეთი მასალა ხვდება, ის შეუფასებელია.
"ამ წლების მანძილზე ჩემი მთავარი მიზანი იყო რეჟიმის გარდატეხა და არა კადრებით ვაჭრობა", - განაცხადა ინაშვილმა.
თავის მხრივ, გიორგი ლომაიამ ბედუკაძესთან მეგობრობა დაადასტურა, და აღნიშნა, რომ მან დადებული პირობა სრულყოფილად შეასრულა.
"ბედუკაძე ჩემი მეგობარია. მე არ დავუკარგავ მას იმ სიკეთეს, რასაც ციხეში აკეთებდა, მაგრამ ნამდვილად გამიკვირდა გუშინ, მისი ნათქვამი, რომ "თუ ეყოფა გიორგის გამბედაობა, თქვას რისთვის გადავეცი ეს კადრებიო" ვფიქრობ, ლადო გაუბედავ ადამიანს ამ კადრებს არ მიაწვდიდა. კადრები მოგვაწოდეს, რათა მთელ მსოფლიოს გაეგო, თუ რა ხდებოდა ციხეებში და ვფიქრობ, ეს ამოცანა პირნათლად შევასრულეთ. აქედან გამომდინარე, რაც დავპირდით ყველაფერი გავაკეთეთ", - განაცხადა ლომაიამ.