ბიძინა ივანიშვილმა ხოსე მანუელ ბაროზოსგან მიწვევა მიიღო

ბიძინა ივანიშვილმა ხოსე მანუელ ბაროზოსგან მიწვევა მიიღო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ბრიუსელში გაემგაზავრება და ევროკავშირის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, შესაბამისი მიწვევა ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზოსგან მიიღო.

 „ბატონმა ფულემ ბატონ ბიძინას გადასცა ოფიციალური მოწვევა ბრიუსელიდან ბაროზოსგან და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიგეგმება ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი, სადაც ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილი ყველა ევროპული სტრუქტურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა

რაც შეეხება თავად შეხვედრას, უსუფაშვილის თქმით, შეხვედრამ  მეგობრულ გარემოში ჩაიარა და საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხებოდა.

„ფულე ამჯერად საქართველოში იმისთვის ჩამობრძანდა, რომ ივანიშვილს უკვე როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე შეხვედროდა. ვისაუბრეთ ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაზე. დეტალურად განვიხილეთ საკითხები იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს და მოქმედების საკმაოდ კონკრეტული გეგმები დავსახეთ“, - აღნიშნა მან.

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ევროკომისარ შტეფან ფულესა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.