ჯეიმს აპატურაი: ვიმედოვნებთ,  საქართველო 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ავღანეთის მისიაში

ჯეიმს აპატურაი: ვიმედოვნებთ, საქართველო 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ავღანეთის მისიაში

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი იმედოვნებს, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ავღანეთის მისიაში. 
 საქართველოში ვიზიტად მყოფმა ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია და მნიშვნელოვანია მისი წვლილი ISAF-ის მისიაში.
აპატურაის განცხადებით, 2014 წელს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ აქცენტი გაკეთდება ავღანეთის ძალების ტრენინგებზე, კონსულტაციებზე და მომზადებაზე და შესაძლოა, საქართველოც იყოს ჩართული ამ პროცესში. თუმცა მისი თქმით, ეს ეროვნულ დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა.
"ჩვენ არც კი გვინდა რაიმე დავგეგმოთ ისე, რომ საქართველო არ იყოს ჩართული. საქართველოს ალბათ, ექნება სურვილი, რომ 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს თავისი წვლილი ავღანეთის მისიაში და ეს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა აპატურაიმ.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი,  ISAF-ის კონფერენციები ტარდება რეგულარულად, სადაც მოკავშირეები განიხილავენ, როგორ და რა სტრუქტურით უნდა გამოვიდნენ ავღანეთიდან.
"საქართველო ყოველთვის არის მზად თავისი მოკავშირული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს", - განაცხადა ვაშაძემ.