დავით სერგეენკო: ძირითადი საბაზო-სადაზღვევო პაკეტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

დავით სერგეენკო: ძირითადი საბაზო-სადაზღვევო პაკეტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სეერგენკოს განცხადებით, ჯანმრთელობის საბაზისო პაკეტთან დაკავშირებით,  საქართველოს მოსახლეობის დაზღვევას ახალი სტრუქტურა-ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი განახორციელებს, რომელიც თავისი ფუნქციით ასევე იქნება გამტარი.

ეს განცხადება სერგეენკომ For.ge-ს პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

„ძირითადი საბაზო-სადაზღვევო პაკეტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გამტარი, ანუ ამ თანხების მიმმართველი იქნება ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი, ახალი სტრუქტურა, რომელიც უნდა შეიქმნას.  1990-იან წლებში იყო მსგავსი სტრუქტურის ჩამოყალიბების მცდელობა, თუმცა ამჯერად იქნება სრულიად განსხვავებული ფონდი“,-აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება საბაზო პაკეტს, სერგეენკოს განცხადებით, ის არ იქნება რუტინული და მასში განსხვავებები ორი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება-ასაკობრივით და სოციალურით.

„საბაზისო პაკეტი ყველასთვის ერთანიაირი არ იქნება, ბუნებრივია მცირე ვარიაციები მასში იქნება. ეს განსხვავებები ორი ძირითადი ფაქტორის შესაბამისი იქნება-ასაკობრივი და სოციალური. ეს არ არის ერთიანი რუტინიული პაკეტი. თუ სადაზღვევო პაკეტი ანაზღაურებს კარდიოქირურგიულ ოპერაციას, ეს აქტუალური არის გარკვეულ ასაკობრივი ჯგუფისთვის,  ანუ ამ ჯგუფისთვის აქცენტირებული იქნება მიზნობრივი დაავადებები, რომელიც იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის არის აქტუალური, ბავშვთა ასაკში კი სხვა სახის პრიორიტეტები იქნება გამოყოფილი“,-აღნიშნა სერგეენკომ.