საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ქვეყნის პრეზიდენტი პარტიის იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც პარლამენტსა და საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.
საგანგებო ბრიფინგზე სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწმენდის და კათარზისის ახალი ეტაპის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ძალიან დიდი ხნის ისტორიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა შექმნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით ის, რითაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ამაყობდა და დანარჩენი მსოფლიო ძალიან აფასებდა. მთავარი ფაქტორები საქართველოში დარჩა – საქართველოში იყო დიდი უმუშევრობა, დიდი გაჭირვება, მიუხედავად პროგრესისა და იმისა, რომ ჩვენ შევძელით სიღარიბის 2-ჯერ და მეტჯერ შემცირება, იყო დიდი სიღარიბე და რა თქმა უნდა, ამის გამო საქართველოში იყო საფუძველი ყველა სახის პოპულიზმისთვის და ალბათ, მთავარი რისი შეცვლაც ვერ შევძელით, იმ პირობებში, როდესაც გაჭირვებაა, სხვადასხვა ძალებისთვის ამაზე ხელის მოთბობა ადვილი იყო. ამიტომ ეს არჩევნები, არჩევნების შედეგები და ის, რაც განვითარდება საქართველოში შემდგომი თვეების და წლების განმავლობაში, ეს უნდა იყოს და იქნება ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. ჩვენ, როგორც საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, წინ წავიწევთ და განვითარდებით ბევრი რაღაცის აღქმის კუთხით და ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის, ეს უნდა იყოს გაწმენდის და კათარზისის ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი“, - განაცხადა სააკაშვილმა.