გურამ მაჭარაშვილი:  საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, არ უნდა არსებობდეს

გურამ მაჭარაშვილი:  საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, არ უნდა არსებობდეს

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხუთ თვეში, [რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობს],  ქართულმა საზოგადოებამ 2003-2012 წლებში არსებული ჯოჯოხეთური პროცესები დაჩქარებულად იხილა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, არ უნდა არსებობდეს.

„სამწუხაროდ, [„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების] მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნახა საზოგადოებამ. თუმცა ამ ხუთ თვეში წარმოდგენილი მასალა, რომელიც რეჟიმს გადარჩენილი ადამიანების მონათხრობზეა დაფუძნებული, საკმარისია იმისთვის, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, პოლიტიკურ სივრცეში აღარ არსებობდეს. ამავდროულად, ეს საშინელებათა ფილმი, რაც ამ ადამიანებმა მოგვითხრეს, დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ. 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ხუთი თვის თავზე დავწერთ დასკვნას, რომელიც პირდაპირი გაგებით ისტორიული იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში არცერთ აქამდე არსებულ პოლიტიკურ პროცესზე მსგავსი შეფასება არ გაკეთებულა, რაც ცუდია. ჩვენს მიერ დადებულ დასკვნას და ამ დასკვნიდან გამომდინარე შედეგებს მომავალი თაობები, პოლიტიკოსები დახედავენ და ამიტომ ის უბედურებები აღარ განმეორდება, რაც [ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს იყო]. თავის დროზე, მაგალითად, 90-იანი წლებიც რომ ასე შეგვეფასებინა, შეიძლება ბევრი რამ ნაკლებად მომხდარიყო. 

ეს დასკვნა იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, არ უნდა არსებობდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნორმალური პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდება, რომელიც განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ახლა ვუყურებთ „დედა ნაცმოძრაობაში“, სადაც უკვე ერთმანეთის „ბულინგზე“ არიან გადასულები, რადგან ეს მათი ბუნებაა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე დაიწყება სამართლებრივი პროცესი. რაც უფრო მალე დასრულდება [„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურად გასამართლება], მით უკეთესი იქნება ეს ქართული პოლიტიკური ველისთვის. თუმცა, არსებობს გარკვეული პროცედურები, რასაც ვერ გავექცევით. შესაბამისად, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნებამდე სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოესწრება. თუმცა, ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცედურების საკითხია, მთავარი კი ისაა, რასაც საზოგადოება ამ დასკვნაში ნახავს. 

რამდენიმე მიმართულება იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაში და ყველა მათგანს ექნება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივად და ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს. აქ საკითხი შეეხება [2008 წლის] ომს, რა დროსაც იმდროინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ (და არა - სამხედროებმა) ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ქართული სახელმწიფო და საზოგადოება; დაიკარგა ტერიტორიები (რაც კონტროლიდან იყო გასული, სამწუხაროდ, იმაზე მეტია დაკარგული 2008 წლის ომის შედეგად, სწორედ, პოლიტიკური ხელისუფლების მიერ); ამავდროულად, მათ [ომში] მიატოვეს თავიანთი მოსახლეობა და ამის მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი დასკვნაში; ასევე, დასკვნაში იქნება ქონების წართმევის მიმართულება, სადაც არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიცაა; ციხეში წამებასთან დაკავშირებული ფაქტები იქნება (რომელიც, ასევე, დადასტურებულია ქართული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ); ქუჩაში ადამიანების დახოცვის ფაქტები იქნება და ა.შ. ყველა თავს ექნება უამრავი მტკიცებულება - ფაქტობრივი და დოკუმენტური. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მიმართულებით შეიძლება ბევრი სამსჯელო არც არაფერი ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი პრეროგატივაა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.