საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოები უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის შედეგადაც რექტორის პოსტი ნოშრევან ჩხაიძემ დაიკავა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის გიორგი შალუტაშვილის განცხადებით, არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოსთვის სრულიად დამოუკიდებელად შექმნილი წესდებით ჩატარდა.
მისივე თქმით, ეს წესდება შემუშავდა სრულიად უკანონოდ, რადგან მასში მონაწილეობა არ მიუღია არც წარმომადგენლობით საბჭოს და არც აკადემიურ საბჭოს.
"მას შემდეგ, რაც გავეცანით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას მიერ 16 აგვისტოს დამტკიცებულ უნივერსიტეტის წესდებას, გაირკვა, რომ ეს დოკუმენტი შემუშავებული უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, თუმცა, ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 21 მარტს რეგისტრაციაში გაატარა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, რომლის მე-6 მუხლის I პუნქტში წერია, რომ წესდებაში ცვლილებებისა და დამატების მომზადება ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. ამავე წესდების თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. ჩვენ ვალდებულებად მიგვაჩნია გაუწყოთ, რომ არც უნივერსიტეტის წარმომადგენლობას და არც მის სპიკერს და არც ერთ მის წევრს ზემოხსენებული წესდების შემუშავებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, მეტიც, ამ წესდების არსებობის შესახებ მხოლოდ რექტორის არჩევნების ჩატარების შემდეგ გავიგეთ", - განაცხადა შალუტაშვილმა.
შალუტაშვილი მიიჩნევს, რომ ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2012 წლის 16 აგვისტოს ბრძანება აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათილად უნდა იყოს ცნობილი რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს არჩევნები, წარმომადგენლობით საბჭოს უნდა მიეცეს საშუალება, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, აკადემიურმა საბჭომ დანიშნოს რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, რომელსაც დაევალება სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში კანონის სრული დაცვით ჩაატაროს რექტორის არჩევნები.
"ვინაიდან არჩევნები ჩატარდა სრულიად გაუგებარი წესდებით, რომელიც ჩვენთვის უცნობია, საერთოდ ვინ შეიმუშავა, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მოგვეცა", - განაცხადა შალუტაშვილმა.
აღნიშნული მოთხოვნით თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების წევრებს რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტილი ჰქონდათ.