პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ხელახლა გადაანგარიშებას და დენზე მიბმული ქვითრის გაუქმებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ბალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, თბილისის საკრებულომ ახალი პოლიტიკური რეალობის დადგომის შემდეგ დაიწყო ამ საკითხზე ფიქრი. ბალიაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქდმ სთან ერთად საზოგადოებას ოჯახზე დასუფთავების ფიქსირებულ გადასახადს 7 ლარის ოდენობით სთავაზობს, რაც პარტიის ლიდერის თქმით, ისევე უსამართლო გადასახადია, როგორც დღეს მოქმედი ნორმა;
„ჩვენ ხელისუფლებას ჩვენს პროექტს მუდამ ვთავაზობდით, რაც სულადობრივ გადასახადს ითვალისწინებს, ხელისუფლების განცხადებებით ვიცით, რომ დასუფთავების სამსახურს ფუნქციონირებისათვის თვეში ესაჭიროება 4 000 000 ლარი, თბილისში ცხოვრობს საშუალოდ 1 200 000 ადამიანი, ჩვენი დათვლებით საჭიროა დასუფთავების გადასახადი განისაზღვროს სულ მოსახლეზე 1,5 ლარის ოდენობით, თვეში დასუფთავების სამსახურის შემოსავალი იქნება 1 800 000 ლარი, ბიზნესორგანიზაციების გადასახადი, რაც განსხვავდება ფიზიკური პირების გადასახადისაგან ამ ციფრის კიდევ გაზრდის. დარჩენილი 2 000 000 ლარი კი ვფიქრობთ უნდა დაფინანსდეს ქალაქის ბიუჯეტიდან, ვინაიდან დასუფთავების სამსახურის ერთ ერთ მთავარ საქმიანობას ქალაქის ქუჩების დაგვა დასუფთავება წარმოადგენს. უსამართლო იქნება მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდეს ამ სერვისს, ჩვენ არ ვიხდით ქუჩის განათების გადასახადს, ამავე ლოგიკით გაუმართლებელია ჩვენ გადავიხადოთ ქუჩის დასუფთავების ფული“, - განაცხადა ბალიაშვილმა.
მისივე თქმით, ამავე დროს, აუცილებელია ნარჩენების გადამუშავებით დასუფთავება და ნარჩენების გატანის მომგებიან ბიზნესად გადაქცევა, როგორც ეს ცივილიზებულმა მსოფლიომ გააკეთა.
„საჭიროდ მიგვაჩნია ქალაქის ხელისუფლებამ დაიწყოს ფიქრი დასუფთავების სერვისის კერძო სექტორისათვის დელეგირებაზე, საჭიროა აშენდეს ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მყარი ნარჩენებისაგან მთელ რიგ საჭირო ნივთიერებებს დაამზადებს“, - აღნიშნა მან.
„საქართველოს გზა“ იმედს გამოთქვამს თბილისის ხელისუფლება გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს და ქრისტიან დემოკრატებთან ერთად არ ექნებათ მცდელობა კიდევ ერთი უსამართლო გადასახადი დაუწესონ თბილისელებს.