ექსპერტი ზურაბ აბაშიძე ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისა და მის საქმიანობაში წვლილის შეტანის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც მან დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეგობართან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დიდი ხანია სურდა და სწორედ დღეს დაურეკეს შეხვედრის დაგეგმვის შესახებ.
"ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. მოსკოვში მუშაობის დროს მქონდა მასთან ურთიერთობა, თუმცა ცვლილებების შემდეგ არც შევხვედრივარ. რაიმე თანამდებობაზე საუბარი კონკრეტულად არ გვქონია, თუმცა თუკი რამეში წავადგები მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, ექსპერტმა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან არ უსაუბრია, თუმცა, მისი პირადი აზრია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი.
„უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც შედეგს გამოიღებს და თუკი სერიოზულ პრობლემებს მოვაგვარებთ, მაშინ შეიძლება დადგეს ურთიერთობების აღდგენის საკითხი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.