"იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ქონება დაუსაბუთებლად და უკანონოდ ჩამოერთვათ, უკან დაბრუნებისთვის სამართლებრივ რეგულაციას პირველ რიგში ზნეობრივ დონეზე შევიმუშავებთ“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, არჩილ კბილაშვილმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებისთვის სახელმწიფოში არსებულ მატერიალური მექანიზმის შემუშავებას უკავშირდებოდა.
კბილაშვილის განმარტებით, პირველ რიგში უნდა გადაისინჯოს და დადგინდეს აქვს თუ არა ადგილი უსამართლობას. მისი თქმით, არსებობის შემთხვევაში ჯერ მისი ზნეობრივ დონეზე აღმოფხვრა უნდა მოხდეს, რადგან „ადამიანებს დღეს პირველ რიგში მათი ღირსების შელახვის პრობლემა აწუხებთ“. შემდეგ კი კბილაშვილის განცხადებით, მატერიალურ დონეზე უნდა მოხდეს სახელმწიფო მექანიზმის შემუშავება.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა პირებისთვის გასაცემმა საკომპენსაციო თანხმებმა შესაძლოა ბიუჯეტს გადააჭარბოს, შემუშავდება სპეციალური კანონი, რომელიც გარკვეულ რიგითობასა და იმ პროცენტს განსაზღვრავს, თუ რა ნაწილი შეიძლება გამოიყოს ბიუჯეტიდან, რათა არ მოხდეს ქვეყნის ფინანსური კატასტროფა.
„მაგრამ არ შეიძლება არც ის, რომ რადგან ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა არის მძიმე უსამართლობაზე თვალი იქნეს დახუჭული და დანაშაული იქნეს შეწყნარებული. სპეციალური რეგლამენტაციით ნელნელა მოხდება მათი ანაზღაურება და ამასთანავე დადგება იმ პირთა პასუხისგების საკითხიც, ვინც ასეთი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ერთის მხრივ, ის პირები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, სახელმწიფოს სახელით მოქმედებდნენ და სახელმწიფოა პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც დადგა, მაგრამ მეორეს მხრივ, მისი თქმით, მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ პასუხი უნდა მოსთხოვოს იმ პირებს, ვისი მეშვეობითაც განიცადა ქვეყანამ ეს ზიანი.
„ამიტომაც როცა სამართლიანობისა და მატერიალურ სიმძიმეებს ერთმანეთს ვადარებთ, ჩვენ არ შეგვიძლია სამართალზე უარი ვთქვათ მატერიალური სიმძიმის გამო ან პირიქით. ეს ცალკე დანაშაული იქნებოდა. მატერიალური სიმძიმის გასტუმრების დარეგულირება შესაძლებელია კანონით და ეს მოხდება“, - დასძინა მან.