შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციამ თანამშრომლების სამსახურეობრივი გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დაცვის პოლიციის ყველა ის თანამშრომელი რომელიც თბილისის მერიის ობიექტებზე მუშაობდა ერთი კვირის ვადაში გადანაწილებული იქნება ალტერნატიულ სამსახურებში, ყველა მათგანს შენარჩუნებული ექნება თანამდებობრივი სტატუსი, წოდება და ხელფასი.
„მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის მერია დააკომპლექტებს „თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს" შესაბამისად ეტაპობრივად გადავლენ ახალ სამსახურებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ ყველა მათგანისთვის უკვე მოძიებულია ახალი სამუშაო ადგილი.