გიორგი ვოლსკი:  მოლაპარაკების მხარეებისთვის  სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას არ ვაპირებთ

გიორგი ვოლსკი: მოლაპარაკების მხარეებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას არ ვაპირებთ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 21-ე რაუნდს ქართულ დელეგაციასთან ერთად,  „ქართული კოალიციის“ წარმომადგენლები ექსპერტი, გიორგი ვოლსკი  და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ. როგორ ჩატარდა ჟენევის 21-ე რაუნდი, რა სტატუსის მინიჭებას აპირებს  ახალი ხელისუფლება აფხაზეთს და ოსეთის მხარებისთვის და რა იქნება „ქართული ოცნების“  სტრატეგია 22-ე რაუნდისთვის? From.ge გიორგი ვოლსკის ესაუბრა.

რა ხდებოდა ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდზე და რა იყო სიახლე?

-ამ მხრივ სიახლე გახლდათ ის, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ამ რაუნდს „ქართული კოალიციის“ მხრიდან მე, როგორც ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი და პაატა ზაქარეიშვილი, როგორც სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი რეინტეგრაციის დარგში, ვესწრებოდით. საერთაშორისო ორგანიზაციებს-ევროკავშირს, გაეროს, ეუთოს, აგრეთვე აშშ-ს დელეგაციას საქართველოს მხარემ მადლობა უნდა უთხრას, რომ გარკვეულ საერთაშორისო ზედამხედველობას უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაზე და საშუალებას აძლევს ქართულ და რუსულ მხარეს ერთმანეთს ესაუბროს. გარდა ამისა, ეს ფორმატი  ჩვენ საშუალებას გვაძლევს გარკვეული ურთიერთობები ვიქონიოთ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან.

მინდა ავღნიშნო, რომ ჩიხური ვითარებაა შექმნილი, რაც მოსალოდნელი იყო. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ, განსაკუთრებით ომის შემდგომ, ნდობის ფაქტორი ფაქტიურად, არ არსებობს არც აფხაზური და არც ოსური მხრიდან. როგორც მეც და ზოგადად, კოალციას არაერთხელ განგვიცხადებია ამის თაობაზე, ეს არის შედეგი იმ მძიმე სტრატეგიული შეცდომებისა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუშვა. ნაცვლად მოლაპარაკებებისა, ეს ფორმატი გადაქცეულია დაპირსიპირების ადგილად და მიმდინარეობს მუდმივი კამათი იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ფორმატი და რა სტატუსი აქვთ ფორმატში მონაწილე დელეგაციებს, თანაც რაიმე საკითხზე შეთანხმების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს.

სანამ ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ღიად მოგიწოდებდნენ თქვენ და ზოგადად, „ქართულ ოცნებას“, რომ არ დაგერღვიათ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული მიმართულება და აფხაზეთი და ოსეთი მხარებად არ გეცნოთ. აპირებს „ქართული ოცნება“ ჟენევის მოლაპარაკებებში მათ ოფიციალურად მხარებად ცნობას?

-ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლების ეს განცხადებები გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი- ეს არის აბსოლუტური არაკომპეტენტურობა და მეორე,  ისინი ამ მოგონილი ამბით ცდილობენ გადაფარონ ის უხერხემლობა, რომლითაც სააკაშვილის  ხელისუფლებამ მოლაპარაკებათა ოცდაერთი რაუნდი დღემდე მოიყვანა. არავითარი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოლაპარაკების მხარეებისთვის ჩვენ არ ვაპირებთ. ვთქვათ საუბარი თუ შეეხება ჰუმანიტარულ, კულტურულ, ეკონომიკურ, საზოგადოებებს შორის ურთიერთობებს და ასეთი მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან შედგება და  ამ შემთხვევებში რაიმე დოკუმენტზე გახდა მათი ხელმოწერა საჭირო, მაშინ დაფიქსირდებიან ისინი, როგორც მხარე.  

„ნაციონალების“ ბრალდებები ჩვენი მხრიდან  აფხაზეთისა და ოსეთის საერთაშორისო სამართლის სტატუსის მინიჭებას შესახებ, საფუძველს მოკლებული და ალოგიკურია. „ნაციონალებს“ სურთ ჩვენ რაც შეიძლება მეტი სალანძღავი სიტყვა ვთქვათ იმ ადამიანების მიმართ, რომელთანაც ჩვენ კიდევ ვაპირებთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას, ვიმეორებ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი, წლების განმავლობაში ჩადენილი შეცდომები გადაფარონ.

არის თემები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ წარმოიქმნას ნდობის ატმოსფერო-ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ა.შ. ღმერთმა ქნას, ჩვენს შორის  ამ თემებზე რაიმე  მოლაპარაკებების პერსპექტივა გაჩნდა, მათ შეთანხმების მონაწილის სტატუსი ექნებათ. პაატა დავითაიას კი ჩვენთვის მოწოდებების მაგივრად, ვურჩევ, მათ მიერ შექმნილ ე.წ საპარლამენტო კომისიის დასკვნას გადახედოს და უფრო ღრმა ანალიზი გააკეთოს იმის, თუ სინამდვილეში რა მოხდა და რა ჩიხში შეიყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებებმა ეს კონფლიქტი.  

21-ე რაუნდის დამთავრების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მხარემ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რას აპირებს ქართული მხარე და იქნება თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული 22-ე რაუნდისთვის, რომელიც დეკემბერში გაიმართება?

-სერგეი ლავროვს ასეთი მოსაზრება გააჩნია, ჩვენს სხვა მოსაზრება გაგვაჩნია, არსებობს აგრეთვე თანათავმჯდომარეების- ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აგრეთვე აშშ-ს დელეგაციის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოს მხარის ინტერესები  არ დაზიანდეს.

რაც შეეხება 22-ე რაუნდს, ჩვენი სტრატეგია ვითარების სტაბილიზაცია და  კონფლიქტების ტრანსფორმაცია იქნება.