მთავარი პროკურორობის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში გადაიხედება და ხელახალი გამოძიება მოხდება ყველა იმ საქმის, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს.
როგორც კბილაშვილმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის საქმეები, რომლები საკმარისად არ არის გამოძიებული და საზოგადოებას აქვს უკმარისობის განცდა, ისინი იქნებიან გამოძიებულნი და ყველა კითხვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს იქნება პასუხგაცემული.
„ჩემს, როგორც რიგითი მოქალაქის თვალსაწიერში ჯერჯერობით აღმოჩნდა ის საქმეები, როგორიცაა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელიც გამოუძიებელია; სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს რეკომენდაციაცაა საქმის ბოლომდე გამოძიება; გამოუძიებელია გრიგოლ რობაქიძის მკვლელობის საქმე და სხვადასხვა. მათ შორის აღმოჩნდება გურამ შარაძისა და როინ შავაძის საქმეებიც. ვფიქრობთ, რომ თითოეული მათგანის გამოძიების შემდეგ ამოიწურება ის გაუგებრობები და ეჭვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქმეების შესასწავლად პროკურატურაში ჯერჯერობით არ ყოფილა გამომდინარე იმ სპეციფიკისგან, რომელიც ამ თანამდებობას აქვს. კბილაშვილის განცხადებით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გაცნობის უფლება აქვს მთავარ პროკურორს, ამის უფლებამოსილება კი ჯერჯერობით მას არ აქვს.
„აქედან გამომდინარე, მე არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რომ გავცნობოდი იმ საქმეებს და შემდეგ შემესრულებინა ის ფუნქცია, რომელიც ჯერჯერობით მე იურიდიულად არ მაკისრია“, - დასძინა კბილაშვილმა.