ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი რიჩარდ ნორლანდი აქტიურადაა ჩართული საქართველოსი ხელისუფლების გადაბარების პროცესში. „ქორთიარდ მერიოტში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
„2012 წლის ოქტომბერი ალბათ საქართველოს ისტორიაში დრამატული და მნიშვნელოვანი გარდაქმნების მომენტად აღინიშნება, რადგან ჩატარდა კონკურენტული არჩევნები, იქმნება ახალი მთავრობა, რომელიც უფლებამოსილებას მალე აიღებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა სამოქალაქო და სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი პროფესიონალურად გაგრძელდება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა კონფერენციაზე.
ნორლანდმა მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოებრივი სიბრძნე შეაქო და აღნიშნა, რომ კარგია, როდესაც საქართველოს ასეთი „კალიბრის პატრიოტები“ ჰყავს.
„საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს, ლიდერები, რომლებიც მზად არიან, განსხავავებებს გადააბიჯონ და იმოძრაონ საქართველოს ინტერსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ძალიან კარგ ხელშია", - აღნიშნა ნორლანდმა.
აშშ-ის ელჩმა პოლიტიკურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულმა არასამთავრობო სექტორმა თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულეს.
"სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პროცესში. მათი ადვოკატირებით და მხარდაჭერით მედია უფრო ხელმისაწვდომი იყო", - აღნიშნა ნორლანდმა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ.
"სამოქალაქო საზოგადოება არის არა მხოლოდ საპირწონე და ბალანსი, არამედ გადამწყვეტი პარტნიორი პოლიტიკურ ურთიერთობებში. არასამთავრობოებმა ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოთ, უნდა იყოთ ღია და კონსტრუქციულები პარტიებთან დიალოგში. საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს მთელი რიგი ექპერტები, რომლებიც მზად არიან ამ როლის შესასრულებლად", - მიმართა ამერიკელმა დიპლომატმა არასამთავრობოების წარმომადგენლებს.