ევროკავშირთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი დავით ზალკანიანიც ჩაერთვება.
როგორც ზალკანიანი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, კონსულტაციებში მისი ჩართვის მიზანია, რომ მთავრობის გადაბარების პროცესმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციული პროცესები არ შეაჩეროს.
"მივემგზავრები, რათა მივიღო სრულყოფილი ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე"-აღნიშნა ზალკანიანმა.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგი კაპანაძეს. მისი განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეფორმებს შეეხება.
„განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და კონფლიქტის მოგვარების გზები იქნება. ამ შეხვედრის მთავარი იდეა კი ის არის, რომ გავააქტიუროთ მუშაობა, რათა შესრულდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს"-აღნიშნა კაპანაძემ.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა 19 ოქტომბერსაა დაგეგმილი.