გიორგი ბარამიძე: გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, საარჩევნო ემოციებიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და  პრეზიდენტი გვარით მოიხსენია

გიორგი ბარამიძე: გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, საარჩევნო ემოციებიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და პრეზიდენტი გვარით მოიხსენია

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ტონით გაწბილებულია.

„გამარჯვებული პარტიის ლიდერმა,  როცა პრეზიდენტის სასახლის ეზოში იდგა ვერ მოახერხა, გამოსულიყო საარჩევნო ემოციებიდან, საქართველოს პრეზიდენტი გვარით მოიხსენია, რაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ,  ნებისმიერ სახელმწიფოში არც თუ კარგ ტონად ითვლება“, - განაცხადა  ბარამიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი სწრაფად გამოვლენ საარჩევნო ემოციებიდან და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყება.

ბარამიძე კიდევ ერთხელ შეეხო არჩევნების თემას და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა და დემოკრატიული ქვეყანა გახდა.

„შეიძლება ითქვას,  რომ 100%-ით არა, მაგრამ საქართველო 2 ოქტომბერს პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა და დემოკრატიული ქვეყნად გარდაიქმნა იმ განცხადებით, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა და იმ პროცესით, რაც ახლა მიმდინარეობს“,-  განაცხადა ბარამიძემ.