ფილიპ დიმიტროვი: არჩევნებთან დაკავშირებული გამოცდა საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა

ფილიპ დიმიტროვი: არჩევნებთან დაკავშირებული გამოცდა საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იყო და ის საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა.

ამის შესახებ დიმიტროვმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის აღმოსავლეთ კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

დიმიტროვმა ამისათვის საქართველოს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი.

„საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად ვსაუბრობდით ერთსა და იმავეს, რომ არჩევნები საქართველოსთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი გამოცდა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის შესაძლებლობა. ეს გამოცდა საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა. ახლა გვაქვს მიზეზი, რომ პოლიტიკური თამაშის მონაწილეებსაც და მოქალაქეებსაც მადლობა გადავუხადოთ", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

მისივე თქმით, გამოცდა ჯერ ბოლომდე ჩაბარებული არ არის, მაგრამ აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გამოცდის ჩაბარება მთლიანად შეუძლია.

„მე ვამბობ, რომ ეს გამოცდა თითქმის წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს არა თითქმის, არამედ აბსოლუტურად შეუძლია, მსგავსი ტიპის გამოცდა მომავალში წარმატებით ჩააბაროს", - აღნიშნა დიმიტროვმა.