"ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე"პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის გათვალისწინებით, რეგიონების მასშტაბით გამგეობების და საკრებულოების წარმომადგენლების თანამდებობრივ სარგოთა ზედა ზღვარი გაიზარდა.
შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ.
აღნიშნული ცვლილება თბილისისა და ბათუმის გარდა, ყველა თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება.
თვითმმართველ ქალაქებში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის და მერის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი 2480 ლარით იყო განსაზღვრული, ახლა ხელფასები 2750 ლარი გახდება. სხვა საჯარო მოხელეთა აქამდე არსებულ და ახალ თანამდებობრივ სარგოებს რაც შეეხება, ბოლო მონაცემებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი -1500 ლარი 2150 ლარამდე გაიზარდა; მერის მოადგილისა იყო - 1250 და გახდა - 2050; სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის იყო - 900 ლარი, გახდა - 1490 ლარი; თვითმმართველი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი იყო - 800 ლარი და 1250 ლარამდე გაიზარდა; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის იყო - 710 ლარი, გახდა - 1000 ლარი; სამსახურის უფროსის მოადგილის, მერის თანაშემწის, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგო იყო - 550, გახდა - 800 ლარი; უმცროსი საჯარო თანამდებობის პირის იყო - 480 ლარი, გახდა - 580 ლარი.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით , ცვლილებები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზეც აისახა: მუნიციპალურ ერთეულებში საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის და გამგებლებისთვის განსაზღვრული 2360 -2360 ლარიანი ანაზღაურება ამიერიდან 2650 ლარი იქნება; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის დადგენილი 1100 -ლარიანი თანამდებობრივი სარგო 1900 ლარი გახდა; გამგებლის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი აქამდე 900 ლარით იყო განსაზღვრული და ის ახლა 1500 ლარია; სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის იყო 700 ლარი, გახდა - 1290 ლარი; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის 650 -ლარიანი თანამდებობრივი სარგო 1050 ლარამდე გაიზარდა; გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის 500 -ლარიანი ანაზღაურება 810 ლარი გახდა; გამგებლის თანაშემწისთვის, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირისთვის გამოყოფილი 450 -ლარიანი ანაზღაურება 790 ლარამდე გაიზარდა; ცვლილება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა უმცროს საჯარო თანამდებობის პირთა შრომით ანაზღაურებასაც შეეხო და მათი 420 -ლარიანი ხელფასები 560 ლარამდე გაიზარდა.
“ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე"პრეზიდენტის ბრძანებულებაში განხორციელებული ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში"გამოქვეყნდა და უკვე ძალაში შევიდა.