პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ დაიკავებს მინისტრთა კაბინეტის ვაკანტურ ადგილებს, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასახელდება.
აღნიშნულის შესახებ, უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„გრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად და მთავრობის შემადგენლობის სრულად დასაკომპლექტებლად. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ დაიკავებს მინისტრთა კაბინეტის ვაკანტურ ადგილებს. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით პრეზიდენტი ვალდებულია 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს პრემიერის კანდიდატურა იმიტომ, რომ მთავრობა გადამდგარია. ამიტომ გარკვეული საკითხები უფრო დაჩქარებული ტემპით წარიმართება, 10 დღით ადრე მოხდება ყველა საკითხის ჩამოყალიბება, ვიდრე დაგეგმილი იყო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.