საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, რომელთა მონაწილეებიც ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი და სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები განიხილებოდა.
ამასთან, განცხადების თანახმად, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) გამუდმებულ ხელის შეშლასთან დაკავშირებით. „2012 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 21-ე რაუნდი. ჩატარდა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელთა მონაწილეებიც ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი და სადაც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები. აღნიშნულ მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჟენევის მოლაპარაკებათა რიგით 21-ე რაუნდს ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის არჩეული წევრები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ ერთგულება და ამ პროცესის განგრძობადობის მნიშვნელობა. ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდს ასევე ესწრებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები.
10 ოქტომბერს გაიმართა საინფორმაციო სესია უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით. მსხვერპლთა ნეშტის ადგილსამყოფლის შესახებ ირლანდიის დამოუკიდებელი კომისიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს კომისიის შექმნის ისტორიული კონტექსტი, მისი უნიკალური ინსტიტუციონალური მექანიზმები და საქმიანობა. კონკრეტული შემთხვევების შესწავლის საფუძველზე, ექსპერტებმა წარმოადგინეს ის მეთოდები და საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც კომისია უზრუნველყოფს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჰუმანიტარული მანდატის განხორციელებას, კერძოდ კი იმას, რომ კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიება იყოს განცალკევებული მართლმსაჯულების სისტემისგან.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ძალის არ გამოყენების საკითხი. საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და საქართველოს მსგავსად, აიღოს ძალის არ გამოყენების ვალდებულება. დისკუსიების შედეგად, ექსპერტთა ჯგუფს დაევალა თანათავმჯდომარეთა მიერ წარმოდგენილი წინადადების გადახედვა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უკანასკნელი მოსაზრებების გათვალისწინებით. მოსამზადებელი სხდომის ყველა მონაწილემ დააფიქსირა საერთო შეშფოთება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით რჩება განსხვავებული მოსაზრებები. საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამზადებელი სხდომა სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სხვა მონაწილეებს მოუწოდა გადაუწყვეტელი საკითხების კონსტრუქციული და თანმიმდევრული განხილვისკენ. თანათავმჯდომარეები მოდიფიცირებულ დოკუმენტს განსახილველად წარუდგენენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 22-ე რაუნდის მონაწილეებს.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) გამუდმებულ ხელის შეშლასთან დაკავშირებით. საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა IPRM-ის დროულად აღდგენის მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქმედით მექანიზმს. სამწუხაროდ, საქართველოს მხარის კონსტრუქციული წინადადებების მიუხედავად, რომლებიც თანათავმჯდომარეებმაც გაიზიარეს, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს ანდრჟეი ტიშკევიჩს კვლავ არ აქვს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა.
თანათავმჯდომარეებმა მოიწონეს რეგიონში რუსეთის სამხედრო მანევრების მიმდინარეობისას საქართველოს მხრიდან გამოჩენილი თავშეკავება. თანათავმჯდომარეებმა შეშფოთებით აღნიშნეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, ცხინვალი რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეინიშნებოდა სამხედრო ძალების კონცენტრაცია, რაც 2008 წლის შემდეგ უპრეცენდენტო ფაქტს წარმოადგენს. თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს უზრუნველყონ სამხედრო ნაწილების გადაადგილების გამჭვირვალობა.
მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. საქართველოს დელეგაციამ მკაფიო პროტესტი დააფიქსირა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული საჰაერო ხომალდების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში მრავალგზის უკანონო შემოჭრასთან დაკავშირებით.
სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების, ასევე მოსკოვის წარმომადგენლებმა ერთობლივი ძალისხმევა გასწიეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის მიზნით, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილეთათვის დელეგაციების სტატუსის მინიჭებას და მეორე სამუშაო ჯგუფის ჰუმანიტარულ საკითხთა დღის წესრიგის დაქვემდებარებას სტატუსზე ორიენტირებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა და თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის მოლაპარაკებათა შეთანხმებული ფორმატის უცვლელად დატოვების გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მათ ასევე მიუთითეს, რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხები შესაძლებელია და განხილულ უნდა იქნას იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც განცალკევებულია საბოლოო პოლიტიკური შეთანხმებისგან.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საქართველოს მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე ბოლო დროს დაწესებულ შეზღუდვებთან, კერძოდ, განათლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
პროგრესი არ დაფიქსირებულა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც განიხილეს მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები კვლავაც აგრძელებდნენ ამ უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული საკითხების დაბლოკვას. უპასუხოდ დარჩა საქართველოს მხარის წინადადება, რომელიც შეეხებოდა მოლაპარაკებათა წინა რაუნდზე გარკვეული კატეგორიის პირებისთვის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს არსებულ სასაფლაოებზე, კულტურულ და რელიგიურ ადგილებზე ჰუმანიტარული ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობის მიცემას.
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს მიაწოდეს ფაქტობრივი მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მათ შორისა ისეთ უფლებებზე, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფლება დევნისა და თვითნებური დაკავებისგან, გადაადგილების თავისუფლება. განსაკუთრებით მწვავე შეშფოთება გამოითქვა ლეონიდ თიბილოვის მიერ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ქართული ნასოფლარების განადგურების გეგმებს. გაჟღერდა მოწოდება უზრუნველყოფილ იქნას ადგილზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია გაიგზავნოს პოზიტიური სიგნალი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის, რისთვისაც ყველა მხარემ მკაფიოდ უნდა დაადასტუროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მთავარი პრინციპებისადმი ერთგულება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 22-ე რაუნდი გაიმართება 2012 წლის დეკემბერში.