ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებელი კომპანია "მენო ინტერნეიშენელი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
"კომპანია ,,მენო ინტერნეიშენელის,, სახელით გვინდა მივმართოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და გაცნობოთ, რომ ჩვენი კომპანია აწარმოებს საქართველოს პარლამენტის ცენტრალური შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, რომლის ძირითადი ნაწილი დასრულდება სწორედ პარლამენტის პირველი სესიის გამართვამდე – 20 ოქტომბრამდე. რაც შეეხება სამუშაოების საბოლოოდ დასრულებას, იგი იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად მიმდინარეობს შენობის ძირითადი ნაწილის სამუშაოების დასრულება, აპარატურის ტესტირება და მოწყობილობების მუშა რეჟიმში გადაყვანა. სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში.
ვიცით რა, რომ ამ მშენებლობის მიმართ არის საზოგადოების დიდი ინტერესი, გვინდა ვთხოვოთ როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოგვცენ საშუალება დავასრულოთ ეს სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკით და მივცეთ პირობა, რომ პირველი სესიის გამართვამდე ერთი დღით ადრე ჩვენ თითონ ვუზრუნველვყოფთ შენობის ტერიტორიაზე ჟურნალისტების შესვლას და იმ სამუშაოების დათვალიერებას, რომელიც ჩატარებულ იქნება პირველი სხდომისათვის.
კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ პირველი სხდომისთვის სხდომათა დარბაზი მზად არის, გამართულად მუშაობს ყველა მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგისტრაციას, ხმის მიცემას და სხვა პროცედურას, რომელიც საჭიროა სხდომის ნორმალურად ჩატარებისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.