პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის წევრებთან კონსულტაციები დასრულდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ბიზნესცენტრს უკვე ტოვებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, შეხვედრის განხილვის მთავარი თემა პარლამენტის პირველი სხდომის ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხები იყო.
მათი თქმით, დღეს ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომაზე განსახილველად გავა.
რაც შეეხება, ბიზნესცენტრში უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ვიზიტს, კოალიციის ლიდერების თქმით, ბოკერიასთან საუბარი ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, არსებობს გარკვეული პრობლემები პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, რადგან ქუთაისის პარლამენტის შენობა ჯერ-ჯერობით დასრულებული არაა.
„ჩვენ ვემზადებით პარლამენტის პირველი სხდომისთვის, საკითხები არის გაწერილი, როგორც კონსტიტუციით ასევე რეგლამენტით, თუ რა საკითხები უნდა გადაწყდეს. პირველ რიგში, ესაა სპიკერატისა და კომიტეტის თავმჯდომარეობის არჩევა. ჩვენ ორგანიზაციული საკითხები გავიარეთ, უამრავი საკითხია გადასაწყვეტი“, - განაცხადა ბესელიამ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძისგანცხადებით, შეხვედრაზე მიმოხილული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებითაც უნდა ემსჯელათ, თუმცა კოალიციის ლიდერების განცხადებით, დღეს დარჩენილი უწყებების მინისტრობის კანდიდატებისა და ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა ცნობილი არ გახდება და ამაზე არ უმსჯელიათ.