უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ის ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიხეილ სააკაშვილის დავალებით იმყოფებოდა.
„მე ვმოქმედებდი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენს გუნდებს შორის არსებობს ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური განსხვავება. ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა და ალბათ არ გაქრება მომავალშიც. მაგრამ, რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც შეეხება საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ნატოსკენ სვლის კურსის გამყარების საკითხში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან შევუწყობთ მაქსიმალურად ხელს, რომ ეს ინტერესები იყოს დაცული“,-განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე შეეხო ივანიშვილის განცხადებას საგარეო კურსის შენარჩუნების თაობაზე და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება, შეხვედრის იდეა კი კონსულტაციების დროს გაჩნდა.
„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ შედგა ნატოს გენერალური მდივნის საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, ამავე დროს საქართველოს მომავალ პრემიერმინისტრთან. არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადებები ამის თაობაზე, დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ პოზიციას კურსის შენარჩუნების თაობაზე ჩვენ მივესალმებით. როგორც ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ქვეყნებში, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ეს საუბარიც სწორედ ამ თემებს შეეხებოდა. ამ საუბრის იდეა ჩვენი კონსულტაციებისას გაჩნდა და მას ჩვენ მომავალშიც მივესალმებით“,-აღნიშნა ბოკერიამ.