ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა

ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის ლიდერები  შეიკრიბნენ.

ბიზნესცენტრში  ირაკლი ალასანია, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა ბესელია,  ნოდარ ხადური, ზვიად ძიძიგური, ვიქტორ დოლიძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ აბაშიძე, დავით ბერძენიშვილი, დავით საგანელიძე, ზურაბ ტყემალაძე და მურმან დუმბაძე მივიდნენ.

კოალიციის წევრების განცხადებით, კოალიციის ლიდერთან ძირითადი განსახილველი საკითხი  პარლამენტის პირველი სხდომა და ამ სხდომის მოსამზადებელი საკითხები იქნება.

 „უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიმსჯელოთ პირველი რიგის საკითხების გადასაწყვეტად. გუნდის შიგნით ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. დღეს ვიკრიბებით დაახლოებით ბიუროს ფორმატში იმისთვის, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ“, - განაცხადა ეკა  ბესელიამ.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი პარლამენტის პირველ სხდომასა და კომიტეტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით იქნება.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები ვიკრიბებით. გვექნება საქმიანი შეხვედრა და საუბარი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით,  თუ როგორ უნდა იფუნქციონირონ კომიტეტებმა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის  განცხადებითვე, კოალიციის ლიდერთან კონსულტაციები მთავრობისა და პარლამენტის ფორმირებასთან დაკავშირებით იქნება.