თბილისის მერია ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევების საკითხს არ განიხილავს. განაცხადა თბილისის მერმა საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
უგულავას განცხადებით, მერიას თბილისელებისთვის გადასახადების სხვა ოპტიმალური ვარიანტები გააჩნია.
„ვარიანტი ა) – არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, სეზონური ტარიფის შემოღება, ზამთარში უფრო ნაკლები, ვიდრე სხვა სეზონებზე, რადგან ზამთარში დენის მოხმარება მეტია. ამ სისტემას თავისი უპირატესობებიც აქვს, თბილისში 25 ათასი ბინა დაკეტილია და შესაბამისად, თუ ბინა დაკეტილია, გადასახადსაც არ იხდის.
ვარიანტი ბ) – რაც მე დღევანდელ შეხვედრაზე შევთავაზე ჩემს კოლეგებს – დაწესდეს დასუფთავებაზე ფიქსირებული გადასახადი ოჯახზე 7 ლარის ოდენობით", - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას განცხადებით, „ვარიანტი ბ“ მისი აზრით უფრო ლოგიკური და საინტერესოა, ხოლო რაც შეეხება სოციალური ოჯახებისთვის შეღავათებს, ის ისევ გაგრძელდება.
"ჩვენ შევთანმხდით, რომ 50 ათასი თბილისური ოჯახი ნებისმიერ შემთხვევაში გადაიხდის ტარიფის მხოლოდ ნახევარს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მომავალ კვირასაც გაგრძელდება, რათა საკრებულოს უახლოეს სხდომამდე ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერება მოხდეს.