თეა წულუკიანი: პირობას ვდებ, სასამართლო პროკურატურისგან გათავისუფლდება

თეა წულუკიანი: პირობას ვდებ, სასამართლო პროკურატურისგან გათავისუფლდება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი თავის მომავალი ფუნქციიდან გამომდინარე,  პირობას დებს, რომ  სასამართლო პროკურატურისგან გათავისუფლდება და  პროკურატურა  თავის ღირსებას დაიბრუნებს.

აღნიშნულის შესახებ, თეა წულუკიანმა დღეს, for.ge - ის პრესკლუბში ისაუბრა.

წულუკიანის განცხადებით, პროკურორს თავის საპროკურორო ფუნქციები დაუბრუნდება,   პროკურატურა მხოლოდ იუსტიციის სახლების მაშენებელი აღარ იქნება  და მათ  აღარ ექნებათ ის დრაკონული ინსტრუქციები,  რომ საქმეების 90 % საპროცესო შეთანხმებებით დაამთავრონ.

წულუკიანის თქმით, გარდა ამისა,  ქვეყანაში მოსამართლეების პრობლემა არსებობს და აღნიშნავს, რომ ეს ადვილი პრობლემა არაა.

„ჩვენ ვეჯახებით ძალიან დიდ სამართლებრივ პრობლემას და აი, იმ პრინციპს, რასაც  ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ყველა უნდა ვიზიარებდეთ,  თუ დემოკრატიული სახელმწიფოს  ჩამოყალიბება  გვინდა ესაა, მოსამართლის უცვლელობის პრინციპი. მოსამართლე,  როდესაც  თავის თანამდებობაზე გარკვეული ვადითაა გამწესებული,  ცივილიზებული სამყარო იზიარებს პრინციპს,  რომლის თანახმადაც, ამ ვადის განმავლობაში  ამ მოსამართლეს  არ შეიძლება ვინმე შეეხოს გადააყენოს, მოხსნას, ჩაერიოს მის მიერ განსახილველ საქმეში და უსაფუძვლოდ  ერთი საქმე ააცილოს და მეორეზე გაამწესოს. ეს არის მოსამართლის უცვლელობის პრინციპი,  რაც მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ  ის მსჯელობს, თუ როგორ „უშველოს მოსამართლეთა კორპუსს“.

წულუკიანის თქმით, ის მოსამართლეს ვერ შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ არ შეიძლება მოსამართლეს აღმასრულებელი ხელისუფლება ეხებოდეს, თუმცა პირობას დებს, რომ  სასამართლო პროკურატურისგან გათავისუფლდება.

 „პროკურორი ვეღარ იქნება ის ადამიანი,  ვინც მართლმსაჯულებას  მოსამართლის მაგივრად ახორციელებს. ეს მოსამართლეებისთვის უკვე დიდი შვება იქნება. მხედველობაში მყავს, მოსამართლეების ის 90 %  რომლებიც მართლაც,  კომპეტენტურები არიან,  ალბათ,  ბევრი საქმე არც თუ ისე კარგად განუხილავთ,  მაგრამ გათავისუფლების და წნეხის მოხსნის შემთხვევაში,  ჩვენ მათგან შეიძლება დამოუკიდებელი მოსამართლეები მივიღოთ. რაც შეეხება,  მოსამართლეების დანარჩენ 10 % -ს , რომლებმაც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილებები მიიღეს და ასეთთა სია საკმაოდ დიდია, ამ მოსამართლეებს ვურჩევ თავიანთ სინდისთან მარტო დარჩნენ“, - განაცხადა წულუკიანმა.