სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2012 წლის 9 და 11 ოქტომბერს, დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმართა თვითდაზიანების 3 ფაქტს. კერძოდ, 9 ოქტომბერს თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა დ.მ.-მ, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულმა ლ.ი.-მ და მანაც მიიყენა თვითდაზიანება. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულ იქნა ქირურგი, რადგანაც მსჯარდებულ ლ.ი.-ს შესაბამისი პროფილის ექიმის დახმარება სჭირდებოდა, რაც მას ადგილზე აღმოუჩინეს. მსჯავრდებულთა განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას ექიმთან შეხვედრისა და მედიკამენტების დამატების მოთხოვნის გამო მიმართეს. მათ აღნიშნეს, რომ დაწესებულების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ უკმაყოფილონი არიან სამედიცინო მომსახურების ხარისხით და ითხოვენ მის გაუმჯობესებას.
11 ოქტომბერს ასევე თვითდაზიანება მიიყენა მსჯარდებულმა ჯ.გ.-მ. მსჯარდებულს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი განცხადებით, ადმინისტრაციის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისიც მოითხოვს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. ამჟამად სამივე მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე ფაქტზე ინფორმაცია გამოძიების დასაწყებად გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, „რომ ბოლო პერიოდში პატიმართა ნაწილი თვითდაზიანებებს იყენებს იმ მოტივით, რომ მოხდეს მათი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ გაუმჯობესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების ხარისხი.
სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, რომ სამინისტრო მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებს საკუთარ სამედიცინო პერსონალს პატიმართათვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.
„ლიმიტთან შედარებით 30% გაზრდილია პატიმართა რაოდენობა სამკურნალო დაწესებულებაში. ამავდოროულად, პატიმართა დიდი ნაწილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება სამოქალაქო სექტორის დაწესებულებებში“, - აცხადებენ სამინისტროში.