არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსისთვის“ მგზავრთა გადაყვანის ნებართვის ჩამორთმევას ითხოვენ, რომელიც ძმებ მერაბ და რეზო შარანგიებს ეკუთვნის.
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძისა და „მძღოლი, გზა და სამართალის“ პრეზიდენტის რობერტ იანტბერიძის განცხადებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატენდერო პირობებს არღვევს.
„თბილისის მიკროავტობუსმა ჯერ ტარიფი გაზარდა, დღემდე კი ვერაფრით უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, რისი დასტურიც გადაჭედილი მიკროავტობუსებია, რითაც კომპანია ყოველდღიურად არღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლს, რაც საბოლოო ჯამში, არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევით სრულდება. პატრული კი ამ დარღვევებზე არ რეაგირებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ „თბილისის მიკროავტობუსში“ ხელისუფლების ინტერესებია, არადა მსგავსი გულგრილი დამოკიდებულების გამო, მოსახლეობა რეალურ საფრთხეშია. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დღეს მძღოლებს მონურ პირობებში ამყოფებს და რაიმე პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაშვებით ემუქრება“, - განაცხადა მჟავანაძემ.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს მიმართავენ, გამოიკვლიოს თუ რა პირობებში ჩატარდა ტენდერი „მგზავრთა გადაყვანის შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა მძღოლებისგან მძლავრ პროტესტს მიიღებენ.