РБК: თინა კანდელაკს საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას სთავაზობენ

РБК: თინა კანდელაკს საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას სთავაზობენ

რუსულ ინტერნეტგამოცემა РБК-ზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თინა კანდელაკს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტს სთავაზობენ.

როგორც გამოცემაშია ნათქვამი, РБК-ს ამის შესახებ ინფორმირებულმა და საქართველოს ახალ მთავრობასთან  დაახლოებულმა წყარომ აცნობა. მათივე ინფორმაციით თინა კანდელაკი რამდენიმე დღეში თბილისში გაემგზავრება სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, მომავალ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ  თინა კანდელაკი, ბოლო წლებში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური კურსის მკაცრი კრიტიკოსი იყო, ის სამშობლოში ჩამოსვლაზეც უარს ამბობდა. თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ის საქართველოში მიემგზავრება. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა საქართველოსა და   ქართველ ხალხზე შეწყდა,  „სინამდვილეში  ის დიდი ხანია ამ ქვეყნის ლიდერი არ არის.  ვფიქრობ, ახლა მისი პოლიტიკური კარიერის დიდი ნაწილი დასრულდა. სერიოზულად მას არავინ აღიქვამს“ -წერდა კანდელაკი.

სტატიაში ნათქვამია, რომ თინა კანდელაკი დიდი ხანია მეგობრობს, მილანის ყოფილ ფეხბურთელ და ამჟამად „ქართული ოცნების“ მინისტრობის კანდიდატ კახი კალაძესთან.

გამოცემის ინფორმაციითვე ტელეწამყვანის პრესსამსახური აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვში მოღვაწე ქართული წარმოშობის ტელეწამყვანის თინა კანდელაკის  სოციალურ ქსელებში, გაჩნდა წერილი, სადაც ის საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლაზე საუბრობს.

რუსული მედიასაშუალებით გავრცელებულ ამ ინფორმაციას კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ ადასტურებენ.