საპარლამენტო გეტო  ქუთაისში

საპარლამენტო გეტო ქუთაისში


        უთანასწორო საარჩევნო ბრძოლით   დაღლილ–დაქანცულმა მოსახლეობამ  2 ოქტომბერს საოცნებო  ქვეყანაში გაიღვიძა და იმედითა და ცვლილებების მოლოდინით აგრძელებს ცხოვრებას.

    ცნობილია, რომ განსახორციელებელ რადიკალურ გარდაქმნათა  უპირველესი ინსტრუმენტი საკანონმდებლო ბაზა, პარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობაა, ისევე როგორც   ამ საქმიანობის ხელშეწყობა და  სწორად წარმართვაა. თუმცა, ლუკმაპურის მოპოვებაზე  ზრუნვაში გართულ   საზოგადოებას ხშირად უჭირს  გაცნობიერება, თითოეული  დეპუტატის მიერ კენჭისყრის ღილაკზე დაჭერილ თითს რაოდენ სერიოზული შედეგები მოაქვს. ერთ დარბაზში მიღებული  გადაწყვეტილებები როგორ აისახება მყისიერად  ათასობით ადამიანის  ყოფაზე,  ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.

     ბოლო ხანებში  ოპოზიციაში გადაბარგებული პრეზიდენტი ცდილობს,    სხვადასხვა დროსა და ვითარებაში  წარმოთქმული ტექსტების შინაარსი და ტონალობა გარემოების შესაფერისად  შეცვალოს, მაგრამ აშკარად  თავს ვერ აღწევს რევანშისტულ განცდათა ტყვეობას.  თანამოაზრეთა მხარდაჭერით შეგულიანებული დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მისი და ხელისუფლებაში ახალმოსულთა იდეები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ განსხვავება  მართლაც საგრძნობია –  ცვლილებებიც  ხომ სწორედ  ამიტომ მოხდა. პრეზიდენტის დემაგოგია თუ იაფფასიანი  ფანდი ხელისუფლებაში მოსულ უმრავლესობასა და საზოგადოებაში  კიდევ  უფრო განამტკიცებს რწმენას, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა და  მოუთმენლად ელის  ნაციონალების მთავარ იდეოლოგს,  მის გუნდთან და ფუნდამენტურ შეხედულებებთან  ერთად,  როდის მიაბრძანებს პოლიტიკური ავანსცენიდან.

  ნაციონალებისა და  მათი წინამძღოლის  „რეფორმატორული იდეების“  ზენიტი თუ იდეოლოგიური საყრდენი კი, ჯერ  საკანონმდებლო, შემდეგ კი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების  ისტორიულად ჩამოყალიბებული,  ქვეყნის პოლიტიკურ–კულტურული ცენტრიდან, თბილისიდან გატანაა. ნაციონალების მსოფლმხედველობრივი კრედოს გათვალისწინებით,  ეს იყო ჩანაფიქრი, რომლის მეშვეობით  ჩვენი მოსახლეობის  ყველაზე აქტიური ნაწილი   უნდა  ჩამოშორებოდა  ქვეყნის მართვას, ხოლო ისედაც შესუსტებული კონტროლი მინიმუმამდე დასულიყო. მმართველი ძალის  ვერაგული განზრახვა მრავალწლიან პერსპექტივაზე იყო გათვლილი, ანუ პერიოდზე, ვიდრე ახალ საპარლამენტო დედაქალაქში სამოქალაქო საზოგადოება გაიღვიძებდა და პოლიტიკურად  გამოცოცხლდებოდა. ამ ჩანაფიქრის მიხედვით ნაციონალთა  მრავალწლიანი თარეში უსასრულოდ გაგრძელდებოდა. მმართველი გუნდი  ხალხისგან ნაძარცვი ქონების ლეგიტიმაციასა და პოლიტიკიდან გულდამშვიდებით წასვლას მოახერხებდა. მაგრამ ნაციონალებმა ვერ გათვალეს, რომ მრავალწლიანმა გაუსაძლისმა ყოფამ, გამოცდილებამ  და თანამედროვე მსოფლიოს გახსნილობამ, ახალმა ტექნოლოგიებმა  დაბეჩავებულ ხალხს ინფორმაციასთან ერთად, სიბრძნეც შემატა, ხოლო თავისუფლებისკენ გენეტიკურმა სწრაფვამ, ღირსების ისტორიულმა განცდამ ერთბაშად  იფეთქა  ტოტალიტარიზმის  დასამხობად – საარჩევნო ყუთებთან ამბოხის  მოსაწყობად.     

    ვერაგული  მიზნებით  აღჭურვილ   ნაციონალთა  უმწიფარი იდეების   სისტემაში პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხმა  ცენტრალური ადგილი დაიკავა და კონსტიტუციითაც გამყარდა. ამიტომ აღმოჩნდა პარლამენტის მრავალასეულიანი აპარატი არჩევნების მეორე დღესვე, 2 ოქტომბერს  სასწრაფო რეჟიმში,  იმერეთის გულში,  პარლამენტის ახლადდამთავრებულ, უფრო ზუსტი ვიქნები თუ ვიტყვი,  დაუმთავრებელ ნაგებობაში. 

   ხალხი მშვენივრად აცნობიერებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა ყველა იმ პირის  მიმართ, ვინც პრეზიდენტის ახირებათა მიმართ  გულგრილია – ნაცების „მნიშვნელოვანი მონაპოვარი“,  მათ  ქვეცნობიერ სწრაფვათა  პროეცირებაა.  მაგრამ რა დააშავეს აპარატის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ პარლამენტს, დღეს კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ცხოვრების რთული გამოწვევბისადმი შიშის, მძიმე სოციალური გარემოსა და  სამოქალაქო პასიურობის გამო, ისინი  ახალი მოწვევის პარლამენტარებთან ერთად,  სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. მუდმივი საფრთხე, რომ შესაძლოა, ნაჩქარევად შეკოწიწებული ნაგებობა თავზე ჩამოემხოთ, ხოლო მთლიანად სინთეტური მასალებით აგებულმა  შენობამ  და საეჭვო ხარისხის  საოფისე ავეჯმა  მათ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს,   ბუნებრივია, ნორმალურ საქმიანობას ხელს ვერ შეუწყობს. ცალკე შენობაში გამოკეტილი აპარატისთვის პრობლემა  იქნება  დეპუტატებთან დაკავშირება და მუშაობის  სრულფასოვნად წარმართვა, რაც საკანონმდებლო საქმიანობაზეც უარყოფითად აისახება.

   ნაჩქარევი გადაწყვეტილებით პრეზიდენტი შეეცადა საბოლოოდ შეესუსტებინა აპარატსა და დეპუტატებს შორის წლობით ჩამოყალიბებული შემოქმედებითი თანამშრომლობა და აპარატი  სრულიად დაქვემდებარებულ, იოლად მართვად ტექნიკურ პერსიონალად ექცია, რომელიც ამა თუ იმ კანონის ავკარგიანობისადმი  სრულიად გულგრილი იქნებოდა. თუ საქართველოს პარლამენტის თანამშრომელთა უმეტესობის კვალიფიკაციასა და იმ პირობებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას  რომ ნაცინალურმა ხელისუფლებამ ისინი გეტოში მოაქცია, საიდანაც თავის დაღწევა მთლიანად ახალი ხელისუფლების კეთილ ნებასა და  პოლიტიკურ ცნობიერებაზეა  დამოკიდებული.

საზოგადოება საღი აზრის გაიმარჯვების მოლოდინშია. იმედია, ამგვარი განუკითხაობა დიდხანს არ გაგრძელდება და კონსტრუქციული გამოსავალი სასწრაფოდ  მოიძებნება.