ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი 11-12 ოქტომბერს გაიმართება. ჟენევაში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში გუშინ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი და კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი გაემგზავრნენ.
საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებების 21-ე რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობის საკითხი იქნება.
„აუცილებელია, დაიწყოს მუშაობა ძალის არგამოყენების დოკუმენტზე, რომელმაც რუსეთს ეს ვალდებულება უნდაა ააღებინოს. სხვა მონაწილეებს ეს ვალდებულება აღებული აქვთ“,- განაცხადა კაპანაძემ.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მათი ვიზიტი ჟენევაში გაცნობითი ხასიათისაა.
„ზოგადი წარმოდგენის მიუხედავად, უფრო დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. კარგი იქნება, იქამდე გავეცნოთ პროცესს, ვიდრე მასში ჩავერთვებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რადგან კარგად ჩანს მხარეების პოზიციები - სადამდეა მისული კონფლიქტის მოგვარების პროცესი“, - განაცხადაზაქარეიშვილმა.