პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით, დღეს კონსულტაციები გაიმართება .
აღნიშნულ საკითხზე გუშინ, კოალიციის ცენტრალურ ოფისში დავით უსუფაშვილი და დავით საგანელიძე აჭარაში კოალიციის დეპუტაციას შეხვდნენ.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი მასალკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დღეს, 12.00 საათისთვის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
მასალკინი ელის, რომ სწორედ ამ შეხვედრისას დაზუსტდება და გადაწყდება, თუ ვინ იქნება წარდგენილი აჭარის მთავრობის მეთაურის და მთავრობის შემადგენლობაში ოთხი მინისტრის პოსტზე.
„განიხილება სხვადასხვა კანდიდატები, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ის კონკრეტული გვარები, რომელიც ამ მიმართულებით ვრცელდება სოციალური ქსელებით, არაფერს ნიშნავს. ველი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები ხვალისთვის იქნება მიღებული“, - განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს მასალკინმა.