შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება, ამის შესახებ მან რადიო "პალიტრის" ეთერში , გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული კომპენსაციის შემოღება აუცილებელია, რადგან ეს არის ერთგვარი უმუშევრობის დაზღვევა და საერთო სოციალური დაზღვევის ერთ-ერთი სეგმენტი.
მას უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია.
„ამ საკითხზე საუბარი მომავალში შედგება. საკითხები შრომისა და დასაქმების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ქვეყანამ უნდა მიიღოს", - დასძინა მან.
გარდა ამისა, გამყრელიძემ საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, სერიზოულ რეფორმას საჭიროებს.
გამყრელიძის განმარტებით, რეფორმა არა მხოლოდ პენსიების ზრდას, არამედ ძირეულად საპენსიო უზრუნველყოფისადმი მიდგომას გულისხმობს.
„საარსებო მინიმუმის სისტემაც უნდა გადაიხედოს. ეს რთული საკითხია და უშუალოდ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ამიტომ დაპირებისამებრ, პენსია ნაბიჯ-ნაბიჯ დღევანდელ საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება. ამავდროულად, საარსებო მინიმუმის გადახედვაც მოხდება", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ბიუჯეტის განხილვის დროს სამინისტრომ ძალიან უნდა იაქტიუროს, რათა ამ სფეროს რაც შეიძლება მეტი მიეცეს.