სამი საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე მაჟორიტარული სისტემით არჩევნები განმეორებით 14 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
ცესკოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 და №32, გორის საარჩევნო ოლქის - №4 და №35, და ხაშურის საარჩევნო ოლქის -№ 3, №8, №10, №45 და №46 საარჩევნო უბნებში.
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, განმეორებითი კენჭისყრის გამართვა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების იმავე შემადგენლობებს დაევალა, გარდა ორი უბნისა - -№13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 უბანში კენჭისყრას გამართავს იმავე ოლქის №31 საუბნო საარჩევნო კომისია, ხოლო №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის №45 უბანში - №7 საუბნო საარჩევნო კომისია.
როგორც ცესკო-ს წინასწარ შედეგებშია მოცემული სიღნაღის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი 9688 ხმით (48.01%) ლიდერობდა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატ გელა გელაშვილს 9665მა (47.89%) ამომრჩეველმა მისცა ხმა.
გორის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს ხმა მისცა 32 001-მა ამომრჩეველმა (46.43%), ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატს მალხაზ ვახტანგიშვილს - 32 497-მა (47.15%).
ხაშურის ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს მხარს უჭერდა 13 870 ამომრჩეველი (45.2%), ვალერი გელაშვილს კი - 14056 (45.81%).