პრეზიდენტს სააკაშვილის განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
საგულისხმოა, რომ სააკაშვილმა გენშტაბის უფროსი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარმომდგენის შემდეგ სასწრაფოდ შეცვალა.
ყოფილი გენშტაბის უფროსი, დევი ჭანკოტაძე გიორგი კალანდაძემ ჩაანაცვლა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. მაგარამ გადაწყვეტილების ასეთ ვითარებაში მიღებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტი დამარცხების აღიარებას არ აპირებს.
ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტმა ნაჩქარევი ნაბიჯი სწორედ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების მიზნით გადადგა.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ძალოვან სტრუქტურებში, რამდენად შესაძლებელია თავდაცვის ახალი მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიასა და და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობა From.ge სამხედრო ექსპერტს გიორგი მელითაურს ესაუბრა.
-ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა გახდა გენშაბის უფროსის ასე უცებ შეცვლის მიზეზი და როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს?
-ერთი შეხედვით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე ვინ იქნება გენშტაბის უფროსი. ეს იქნება დევი ჭანკოტაძე თუ გიორგი კალანდაძე. ჭანკოტაძეს კიდევ ჰქონდა ამ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების ვადა. ამ პოსტზე პირს 3 წლის ვადით ირჩევენ, უახლოეს წარსულში გენშტაბის ძველი უფროსი მეორედ აირჩიეს და გაუგრძელეს მუშაობის ვადა. ამიტომ არამგონია ამ ადამიანში იყოს პრობლემა.
მე პირადად, ასეთ დროს პრეზიდენტის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაში მისი მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირების მცდელობას უფრო ვხედავ, ვიდრე საკადრო ცვლილებებით გამოწვეულ აუცილებლობას. კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ მთავარსარდალს აქვს უფლება დანიშნოს გაერთიანებული შტაბის უფროსი და მან ეს გამოიყენა. ეს საკითხი და უფლებამოსილება ალბათ გადაიხედება მას შემდეგ, რაც ირაკლია ალასანია ოფიციალურად დაინიშნება ამ თანამდებობაზე.
-ამ ეტაპზე პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და დამარცხებული გუნდის ხელმძღვანელია. მის მიერ თანამდებობაზე ახალი პირების დანიშვნა გამოიწვევს თუ არა რაიმე სახის წინააღმდეგობას ჯარში?
ამ შემთხვევაში საქმე გვექნება პოლიტიკურ ვაჭრობასთან. კანონმდებლობით პრეზიდენტი სარგებლობს იმ უფლებით, რომელიც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით და მას სრული უფლება აქვს დანიშნოს შესაბამის თანამდებობებზე სხვადასხვა პირი და განახორციელოს საკადრო ცვლილებები.
ამიტომ ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ირაკლი ალასანია ახალი გენშტაბის უფროსობასთან როგორ გააგრძელებს თანამშრომლობას. მოითხოვს თუ არა ის ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის დანიშვნას. ალბათ ეს საკითხი გახდება გენშატბის უფროსობასთან პოლიტიკური ვაჭრობის თემა.
-მაგრამ მაინც, შიდა დაპირისპირების საფრთხე რამდენად არსებობს?
-არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება მოხდეს. ჯარი არის ის ორგანო, სადაც პირველ რიგში სამხედრო დისციპლინაა მთავარი. ამის მართვა ხორციელდება გენერალური შტაბის მეშვეობით, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს. თუ კი ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალასა და მის წინააღმდეგ გენერალური შტაბის უფროსს, ამ შემთხვევაში კალანდაძეს შორის ერთმანეთთან პრინციპულ შეუთავსებლობას სისტამატიური ხასიათი მიეცემა, ეს გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ ფაქტიურად ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად და როგორი ფორმებით გადაწყვეტს ალასანია კალანდაძესთან თანამშრომლობას.
-როგორ შეაფასებთ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას?
-მე ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკური სპექტრიდან , რომელსაც ალასანია წარმოადგენდა, ის ამ თანამდებობაზე ყველაზე უფრო მისაღები პიროვნება იყო. მას აქვს დიდი გამოცდილება ძალოვან სტრუქტურებში. ის იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილეც და კარგად იცნობს ამ სტრუქტურას. ამიტომ ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ის რეალური და მისაღები პიროვნება იქნება. დანარჩენს რა თქმა უნდა, აჩვენებს დრო და ის, თუ რა მიმართულებით წაიყვანს ახალი მინისტრი ამ სფეროს მუშაობას.
-ალასანიამ განაცხადა, რომ ის ამ უწყებაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრების დაბრუნებას აპირებს. იმ შემთხვევაში თუ კი გექნებათ შემოთავაზება, დათანხმდებით თუ არა სამინისტროში მუშაობას?
-ამაზე არ მიფიქრია. ეს ძალიან რთული თემაა. სამწუხაროდ ჩვენი ძალოვანი უწყების ძალიან ბევრი თანამშრომელი თავისი კომპეტენციით არ შეესაბამებოდა და არ იმსახურებდა დაკავებულ პოსტს, ან პირიქით, დაუმსახურებლად იყო თანამდებობიდან გათავისუფლებული. დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი მოითხოვს სამსახურში დაბრუნებას. მაგრამ არა მგონია, ყველა მათგანის დაბრუნება მოხერხდეს.
-ამ შემთხვევაში უკან დასაბრუნებელ კანდიდატთა შერჩევა როგორ უნდა მოხდეს? რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ამ პირთა სია?
-რათქმაუნდა პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ამ ადამიანების კომპეტენცია. გასათვალისწინებელია , რომ ჯარი არ არის ის სტრუქტურა , სადაც შეიძლება დამატებითი თანამდებობები შექმნა იმისათვის, რომ ყველა მსურველის ინტერესი დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებში დღესაც მსახურობს ხალხი და მათი დაუმსახურებლად გაშვება ამ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არ არის ასე მარტივი პროცესი.
ამ სტრუქტურაში ყოველთვის საკადრო პრობლემები იდგა და მე იმედი მაქვს, რომ ამის გადაჭრას ირაკლი ალასანია მოახერხებს.
ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეების თანამდებობებზე დანიშვნა, მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით მოხდება და არა პირადი ინტერესების მიხედვით, რის გამოც ხშირად თანამდებობებზე გაუნათლებელი და მიუღებელი ადამიანები ინიშნებოდნენ. ამასთანავე, კარიერული ზრდა უნდა იყოს მკაცრად გაწერილი და არ უნდა ირღვეოდეს პირადი პრინციპების გამო. არ შეიძლება ადამიანმა გუშინ დაამთავროს უნივერსიტეტი და დღეს დაინიშნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელად თუ არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში გავლილი შესაბამისი საფეხურები. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ სტრუქტურის პრობლემა. ეს მთელი დღევანდელი რეჟიმის პრობლემაა.
საკადრო პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი და როგორც უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება კონკრეტული სტრუქტურა უნდა აეწყოს სახელმწიფოში არსებულ სხვა სტრუქტურების შესაბამისად. სამწუხაროდ ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი და საკმაოდ რთულიც.