ლაბორატორია 1918 ფოთის პორტის მუშების გაფიცვას ეხმიანება და მათ სოლიდარობას უცხადებს. აღნიშნულის შესახებ, ლაბორატორია 1918 განცხადებას სოციალურ ქსელ facebook-ში ავრცელებს.
ფოთის პორტის მუშაობა შეფერხებულია, ნავმისადგომის 200-მდე მუშა გაფიცულია
როგორც ცნობილია, მათი გაფიცვის მიზეზი გახდა არაადეკვატური სამუშაო პირობები, დაბალი ანაზღაურება და კონტრაქტების გაუფორმებლობა. ცნობილია, რომ გაფიცულებზე ახდენენ ზეწოლას, რისთვისაც უკვე სამსახურიდან დაითხოვეს რამდენიმე მუშა.
ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობით, სადაც დაქირავებული მონობა კანონით არის გამყარებული.
ქუთაისელი მუშების გაფიცვა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო კაპიტალის გამარჯვებით დასრულდა, ფოთელების შემთხვევაში აღარ უნდა განმეორდეს და უნდა შედგეს პრეცედენტი, როცა ადამიანებმა საკუთარ სამუშაო ადგილებზე, ორგანიზებული კოლექტიური ბრძოლით აღწევენ ისეთ ელემენტარულ მიზნებს, როგორიცაა ადამიანური სამუშაო პირობები, შრომის შესაბამისი ანაზღაურება და ნორმალური შრომითი კონტრაქტები, სადაც დაცული იქნება მათი ყველა უფლება, ისე როგორც ეს სულ მცირე ევროპულ ქვეყნებშია! სოლიდარობა ფოთელ მუშებს“, - აცხადებენ ლაბორატორია 1918 - ში.