საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ახალი სახელისუფლო გუნდის დაკომპლექტების პროცესს ეხმაურება და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პროფკავშირები განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს ხელისუფლების გადაცემა, ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნისა და შესაბამისად, სამინისტროების საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესი, ისინი ივანიშვილს „მეტად დროული და კონკრეტული წინადადებით“ მიმართავენ.
პროფკავშირები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
„თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ წლების მანძილზე მრავალი პრობლემა დაგროვდა როგორც შრომით ბაზარზე, ისე შრომით ურთიერთობებში, რისი დარეგულირებაც შეუძლებელი გახდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, მის კომპეტენციაში შემავალი თვისობრივად ურთიერთგანსხვავებული სფეროების აღრევისა და შესაბამისად შრომის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალ კადრების არ არსებობის გამო.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ახალი მინისტრთა კაბინეტის ყურადღების გამახვილებას შრომით ურთიერთობებში არსებული პრობლემების დროულად გადაწყვეტისა და რეალური სოციალური დიალოგის წარმართვის საკითხებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ პროფკავშირების გაერთიანების ეს საქმიანი წინადადება გათვალისწინებული იქნება სამინისტროების საბოლოო სახით ჩამოყალიბების დროს“, - ნათქვამია პროფკავშირების მიმართვაში.