"პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ საქართველო ნატოს ძალიან დაშორდა“, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა და პარტიის მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გაზეთ "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არაა. ტყემალაძე აცხადებს, რომ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ნატოში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ რთულია.
„ვნახოთ, როგორ დალაგდება საქმე თავად ნატოში. თუ ნატო ანტიტერორისტულ ორგანიზაციად გადაკეთდება, მაშინ ჩვენ სხვა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. თუ დღეს და ხვალ ჩვენს პრობლემებს მოვაგვარებთ, მაშინ კოალიცია „ქართული ოცნება" შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც ჩვენც დავუჭერთ მხარს", - განაცხადა ტყემალაძემ.
ამასთან, ტყემალაძემ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის ჩვენს პოზიციაზე გადმოყვანა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა.
„ამ მხრივ სახალხო დიპლომატიას დიდი მნიშვნელობა აქვს", - დასძინა მან.